“აღმოაჩინე საქართველო – ღვინის აკვანი” - 2018
“აღმოაჩინე საქართველო – ღვინის აკვანი”
მელ ლასტმანის მოედანი - 30 სექტემბერი, 2018.
2018 წლის 30 სექტემბერს, ტორონტოს ქართველ ქალთა ჯგუფმა, პირველი კულტურული ღონისძიება ჩაატარა კანადაში – სახელწოდებით „აღმოაჩინე საქართველო – ღვინის აკვანი“, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებული ეს ღონისძიება, ემსახურებოდა საქართველოს პირველ რესპუბლიკად გამოცხადების ასი წლის თავის აღნიშვნას. მისი უპირველესი მიზანი იყო ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობა კანადელებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივი და სიამოვნება გახლდათ საზოგადოებისთვის წარგვედგინა თანამედროვე სამოსის ბრენდი „ფესვედის“ საკოლექციო ნიმუშები. აქვე ჩავატარეთ გამოჩენილ ქართველ ქალთა ფოტოების გამოფენა, ქართული მუსიკის ფონზე მოეწყო ქართული ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა და ქართული კერძების დეგუსტაცია. ამ ჩვენს პირველ ინიციატივას უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, რამაც უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა.
ფესტივალი გაიხსნა სადეგუსტაციო ნაწილით უგემრიელესი ქართული კერძებისა, რომლებიც ქართველებისათვის ჩვეული გულუხვობით, შემოგვწირა ტორონტოს ეროვნული კერძების რესტორანმა „სულიკო”. ფესტივალის სტუმრებმა უდიდესი სიამოვნება მიიღეს ქართული ტრადიციული ჭიდაობის სადემონსტრაციო წარმოდგენისაგან, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მოჭიდავეები.
ვიზიტორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ტორონტოს ქართველ ქალთა ჯგუფის წარმომადგენელმა და შემდეგ საქართველოს ელჩმა – კონსტანტინე ქავთარაძემ. მან ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, ქართველ ხალხზე, მათ ენასა და კულტურაზე.
ელჩის სიტყვას მოჰყვა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ქართული, ასევე კანადური ანსამბლები და შემსრულებლები: „ანსამბლი დარბაზი”, „ტრიო მაჭარი“, „გაბოს ტრიო“, შალვა მახარაშვილი, ანდრეა კუზმიჩი, უჩა აბულაძე, დიანა და მადონა ირემაშვილები, ჰაკიმოვების ოჯახი, ფოლკლორული ანსამბლი და სპეციალური სტუმრები ნიუ-იორკიდან – პიანისტი მერაბ ებრალიძე, ნანი ქვრივიშვილი, ლარისა სადუნიშვილი და ლეილა მჭედლიშვილი.
კონცერტის აფიშა (PDF, 364 KB)
უამრავმა მონაწილემ და სტუმარმა გვთხოვა, ეს ფესტივალი ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ, რასაც ჩვენ სიხარულით გამოვეხმაურეთ და ვიმედოვნებთ, რომ ამ ფანტასტიურ იდეას აუცილებლად განვახორციელებთ.
მოწონებები
იხილეთ, თუ რას ამბობენ ღონისძიების შესახებ.